top of page

იაკობ გოგებაშვილი

„ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ხელში პირველად აიღებს“.

დემნა შენგელაია

ცხოვრების გზა

იაკობ გოგებაშვილი (1840-1912) - ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი.
 

იაკობ გოგებაშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლა მე-19 საუკუნის 60-იან წლებს დაემთხვა,  როდესაც  რუსეთის იმპერიის განაპირა გუბერნიად ქცეული საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხი: ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გარდაიქმნა, რასაც წირვა-ლოცვის რუსულად შემოღება მოჰყვა; ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან დაიწყეს ქართველი მოხელეების განდევნა და მათი რუსი ჩინოვნიკებით ჩანაცვლება. რუსიფიკატორული პოლიტიკის უშუალო იარაღად კი ქართული სკოლები იქცა.  კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველად ხელისუფლება ისეთ პირებს აგზავნიდა, რომლებიც გააფრთებული იბრძოდნენ ქართული ენის სკოლებიდან (განსაკუთრებით სოფლის სკოლებიდან) განსადევნად და ყველა საგნის „მუნჯი“ მეთოდით (მშობლიური ენის გამოუყენებლად) სწავლების დასამკვიდრებლად. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც ჯერ თბილისის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, შემდგომ კი მის ინსპექტორად დაინიშნა, მაშინვე წინ აღუდგა ამგვარ საგანმანათლებლო პოლიტიკას: შეადგინა სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტი და სემინარიის გამგეობას წარუდგინა, რასაც შედეგად მოჰყვა ჯერ გოგებაშვილის „საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად“ გამოცხადება, შემდგომ კი მისი სასწავლებლიდან გაძევება. 
 

ამიერიდან იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის სფეროდ საზოგადოებრივი ასპარეზი იქცა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად იგი საქმით თუ კალმით მონაწილეობდა ყველა იმ სასიკეთო წამოწყებაში, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად იყო გამიზნული. იგი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა მისი გამგეობის აქტიური წევრი. არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისთვის, მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებსა თუ რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში გამგზავრებულ ქართველ სტუდენტებს.
 

იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის უმთავრესი სფერო პედაგოგიკა იყო. ჯერ კიდევ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიის ჩამოყალიბებამდე მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქართული  სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა, ამ სახელმძღვანელოთა როლი ახალი თაობის ქართველთა სულიერი სამყაროს ფორმირებაში. 1865 წელს გამოვიდა მისი „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, რომელიც იმ პერიოდისათვის ნოვატორული და ექსპერიმენტული სახელმძღვანელო იყო. იაკობ გოგებაშვილი თანმიმდევრულად იზიარებდა ბავშვზე ორიენტირებული განათლების ფილოსოფიას და ემყარებოდა იმხანად არსებულ პროგრესულ მეთოდებს (სინთეზურს, ანალიზურს, ანალიზურ-სინთეზურს). 1868 წელს გამოსულ „ბუნების კარში“, შემდგომ კი „დედა ენაში“ (1876) მან შეიტანა როგორც ქართულ ენაზე არსებული სასწავლო მასალები, ისე უცხო ენებიდან ნათარგმნი ტექსტები და ორიგინალური ნაწარმოებები. 
 

იაკობ გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში, რომლებიც წყაროდ იყენებს ქართულ ფოლკლორულ თუ ისტორიულ მასალებს, ერთმანეთს ორგანულად შეერწყა მხატვრული რეალიზმი და დიდაქტიკური ელემენტები. 
 

იაკობ გოგებაშვილი, როგორც ავტორი, იყო ძალზე მოქნილი დროისა და გარემოებათა მიმართ, ამიტომ სახელმძღვანელოს შექმნას იგი განიხილავდა როგორც ცოცხალ, ინტერაქტიულ პროცესს და ყოველი ახალი გამოცემისას („დედა ენა“ მის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა) მას შეჰქონდა ცვლილებები და ჩასწორებანი, რათა, ერთი მხრივ, აღმოეფხვრა წინარე რედაქციებში არსებული ხარვეზები,  მეორე მხრივ კი, მიესადაგებინა ეს სახელმძღვანელოები მოსწავლეთა და სასკოლო გარემოს მოთხოვნებისა და შესაძლებლობებისთვის. შესაბამისად, სწორედ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება ახალი დროისთვის ქართული ცნობიერების მოდელის შექმნა და ქართული სკოლისთვის სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბების მისიის განსაზღვრა, რაც მკაფიოდ გამოჩნდა აკაკი წერეთლის სიტყვებში: „დარჩება სამარადისოდ შენგან გატკეპნილი გზა და ვინც ამ გზას არ გაივლის, ის არც ქართველად არ იხსენიება“.

საკონტაქტო

მუზეუმი ღიაა ვიზიტორებისთვის
ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

 

სამუშაო საათებია:

დილის 10:00 საათიდან
საღამოს 18:00 საათამდე

მუზეუმის ბილეთების ფასები:

ბავშვი - 3 ლარი, ზრდასრული  - 5 ლარი,
საექსკურსიო მომსახურეობა - 10 ლარი

მუზეუმში ფუნქციონირებს მხოლოდ
ქართულენოვანი გიდის მომსახურება.

bottom of page